თბილისის კონსერვატორიის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და ის კავკასიის რეგიონის პირველი უმაღლესი სასწავლებელია. ამ მხარეში მუსიკალურ ტრადიციებს ისეთივე უხსოვარი დასაბამი აქვს, როგორიც თავად ქვეყანას: ქართული ტრადიციული მუსიკა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.
პროფესიული მუსიკის მთავარი სასწავლებელი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კი არა მხოლოდ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მუსიკალური კერა, არამედ საერთაშორისო აღიარების უმაღლესი სასწავლებელია. ამისი დასტური კი ჩვენი პედაგოგები და კურსდამთავრებულები არიან: წარსულში ლეგენდარული და თანამედროვეობის მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები, რომლებსაც თბილისის კონსერვატორიის სახელი სულ უფრო ხშირად გააქვთ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს დარბაზებში თუ სცენებზე.
თბილისის კონსერვატორია 1917 წლის 1 მაისს დაარსდა და მრავალი წლის განმავლობაში, კავკასიაში, დასავლური ტიპის ერთადერთ მუსიკალურ სასწავლებელს წარმოადგენდა.
უძველესი მუსიკალური ტრადიციების ქვეყანაში ევროპული მუსიკა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან შემოვიდა: დედაქალაქის ოპერის თეატრის, მუსიკალური სალონების, მოწვეული თუ ევროპული განათლების მქონე ადგილობრივი მუსიკოსების დამსახურებით, ქვეყანა აქტიურად ჩაება დასავლური მუსიკის პროცესებში და შესაბამისად, ადგილობრივი კადრების აღზრდის შესაძლებლობაც გაჩნდა:
მუსიკის მოყვარულთა შემოწირულობისა და დიდი მეცენატების დამსახურებით, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ძმებ ზუბალაშვილებს უჭირავთ, 1891 წელს თბილისში პირველი სამუსიკო სასწავლებელი დაარსდა. სასწავლებლის ნაგებობა, რომელიც დღეს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩს დაუკვეთეს. 1917 წელს კი ამავე სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე თბილისის კონსერვატორია დაარსდა.
1924 წელს სასწავლებელს სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი დიდი ქართველი ტენორის – ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები
კონსერვატორიის პირველ პედაგოგებს შორის იყვნენ ლისტის, ვენიავსკის, მარმონტელის, ჩაიკოვსკის, მოშელესის, კულაუს მოწაფეები, ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები რ. და ი. ლევინები, გ. ნეიჰაუზი, ფ. კესნერი, ლ. ტრუსკოვსკი, ე. ვრონსკი, ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ვ. ვილშაუ, კ. მინიარი, ე. გუზიკოვი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, ლა სკალას ყოფილი სოლისტი ე. ბროჯი, პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიების პროფესორ-მასწავლებლების მიერ აღზრდილი ქართველი მუსიკოსები: კომპოზიტორები ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი, და პიანისტები – ა. თულაშვილი და ა. ვირსალაძე, მევიოლინეები – ლ. იაშვილი და ლ. შიუკაშვილი, მომღერლები – დ. ანდღულაძე, ს. ინაშვილი, დირიჟორები – ო. დიმიტრიადი, ე. მიქელაძე, მუსიკისმცოდნეები – შ. ასლანიშვილი, ვ. დონაძე, გ. ჩხიკვაძე, პ. ხუჭუა და სხვ.
თავისი არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ნ. გაბუნია, გ. ყანჩელი, ნ. მამისაშვილი, ი. კეჭაყმაძე, თ. ბაკურაძე, ი. ბარდანაშვილი, ზ. ნადარეიშვილი და სხვ. დირიჟორები: ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი და სხვ. განსაკუთრებით მაღალი დონე გამოარჩევს ქართულ საშემსრულებლო სკოლას. მის საუკეთესო ტრადიციებზე მეტყველებს კურსდამთავრებულთა წარმატებები, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. თბილისის კონსერვატორიის პროფესორთა აღზრდილებს შორის არიან: ელისო ვირსალაძე, რუდოლფ კერერი, დიმიტრი ბაშკიროვი, ლევ ვლასენკო, თენგიზ ამირეჯიბი, ნოდარ ანდღულაძე, მანანა დოიჯაშვილი, თამარ გაბარაშვილი, ლექსო თორაძე, მარინე იაშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე კორსანტია, ალექსანდრე კორძაია, პაატა ბურჭულაძე, ეთერ ანჯაფარიძე, ლამარა ჭყონია, ნათელა და ეთერი ჭყონიები, იანო ალიბეგაშვილი (თამარი), ლადო ათანელი, ალა სიმონიშვილი, თამარ ჯავახიშვილი (ივერი), ნინო სურგულაძე და სხვ.
კონსერვატორია დღეს
დღეისთვის კონსერვატორიაში საშემსრულებლო, ჯაზის, კომპოზიციის, მუსიკის თეორიისა და მუსიკისა და დღევანდელობის საგანმანათლებლო პროგრამებზე 4000-მდე სტუდენტი სწავლობს და 180-მდე პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს.
განათლება სამ საფეხურიანია და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქოტრო პროგრამებს მოიცავს.
კონსერვატორიაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი. გამოიცემა ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი და ბეჭდური სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა.
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 500 მაყურებელზე გათვლილ – დიდ და მცირე (200 ადგილი) საკონცერტო დარბაზებს. გარდა ამისა, სასწავლებელში ფუნქციონირებს კამერული საოპერო სტუდიის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზები; საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ფონოტეკა და ხმის ჩამწერი სტუდიები.
დაარსების დღიდან კონსერვატორია დედაქალაქის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია: სხვადასხვა წლებში, მის დარბაზებში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები: ვლადიმერ ჰოროვიცი, ეგონ პეტრი, დ. შტიდრი, ო. რიდი, სვიატოსლავ რიხტერი, დავიდ ოისტრახი, ემილ გილელსი თუ მსტისლავ როსტროპოვიჩი. დღეისთვის კი მის კედლებში სხვადასხვა სახის მუსიკალური ფორუმები, საერთაშორისო კონკურსები, მასტერკლასები, საღამოები, კონცერტები თუ სტუდენტური საოპერო დადგმები ეწყობა.
2005 წლიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის წევრია. ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმანათლებლო, კრედიტებისა და შეფასების საერთაშორისო სისტემას.