თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლას ამ დაწესებულების დაარსებისთანავე (1917) ჩაეყარა საფუძველი.
1935 წელს შეიქმნა ქართული მუსიკის კაბინეტი, რომელიც 1946 წელს მუსიკის ისტორიის კათედრის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად − ქართული ფოლკლორის კაბინეტად, ხოლო 1947 წლიდან ლაბორატორიად ჩამოყალიბდა. მას ხელმძღვანელობდნენ: გრიგოლ ჩხიკვაძე (1935-1939, 1947-1949), ვლადიმერ ახობაძე (1953-1959), კახი როსებაშვილი (1959-1974), თემურ ერისთავი (1974-1975), მერაბ ოდიშარია (1975-1977), რუსუდან ქუთათელაძე (1977-1981), ქეთევან ბაიაშვილი (1981-89), ქეთევან მათიაშვილი (1989-დღემდე).
კონსერვატორიის არქივის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აქ უმუშავიათ: დიმიტრი არაყიშვილს, ვალენტინა კუფტინას, შალვა მშველიძეს, შალვა ასლანიშვილს, იონა ტუსკიას, გრიგოლ კილაძეს, გრიგოლ კოკელაძეს, ნიკოლოზ შარაბიძეს. სხვადასხვა დროს ლაბორატორიის თანამშრომლები იყვნენ: ლია აბულაძე, ციცო ხომერიკი, ირაკლი ხატიაშვილი, ციალა ლუაშვილი, ედიშერ გარაყანიძე, ნატალია ზუმბაძე, მარიამ ოსიტაშვილი, თამაზ გაბისონია, თინათინ ჟვანია, თამარ ჭოხონელიძე, თეა გოგოტიშვილი, თამარ დგებუაძე, მაკა ხარძიანი, ეკატერინე დიასამიძე, მაგდა სუხიაშვილი. 1949 წელს ფოლკლორის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა მუსიკის ისტორიის კათედრასთან არსებული ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების განყოფილება, ხოლო 1970 წელს დაარსდა კათედრა.
კათედრის წევრები, როგორც წესი, „ფეხს ლაბორატორიაში იდგამდნენ“. ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრისა და ლაბორატორიის თანამშრომლებს მრავალმხრივი განათლება ჰქონდათ − ფოლკლორისტის, ისტორიკოსის, თეორეტიკოსის, კომპოზიტორის, ეთნოლოგისა. მათ შორის იყვნენ: მინდია ჟორდანია, კახი როსებაშვილი, ოთარ ჩიჯავაძე, ევსევი (კუკური) ჭოხონელიძე, ედიშერ სავიცკი, ბარამ ბარამიძე, თამარ მესხი, იოსებ ჟორდანია, ვლადიმერ გოგოტიშვილი. პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, ბევრი მათგანი აქტიურ შემკრებლობით საქმიანობასაც ეწეოდა და ამდიდრებდა ლაბორატორიის საექსპედიციო ჩანაწერების ფონდს, რომლის პირველი ერთეულები 1927-1928 წლებით თარიღდება (მხედველობაში გვაქვს შალვა მშველიძის, გრიგოლ ჩხიკვაძის, შალვა ასლანიშვილის, ვლადიმერ ახობაძის და სხვათა ლილვაკების კოლექციები). აღსანიშნავია, რომ 1966 წელს სწორედ ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიაში იქნა კომბინირებული წესით ჩაწერილი სრული მგალობელი არტემ ერქომაიშვილი, რომელმაც შემოქმედის სკოლის საგალობლების უნიკალური ვარიანტები შეასრულა.
კათედრისა და ლაბორატორიის უფროსი თაობის წარმომადგენელთა აქტივობაზე მეტყველებს საქართველოს ეთნოგრაფიულ რეგიონებში შეკრებილი აუდიო, ფოტო და ვერბალური მასალა, ნოტირებული ხელნაწერები, სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები, საკონცერტო-საშემსრულებლო თუ საგამომცემლო საქმიანობა, საბჭოური სივრცის მეცნიერებთან (ევგენი გიპიუსი, ზინაიდა ევალდი, იური ტიულინი, ედუარდ ალექსეევი და სხვ.), უცხოელ მკვლევრებთან (ალან ლომაქსი, ერიხ შტოკმანი, ივეტ გრიმო, პიტერ გოლდი, მორიტა მინორუ და სხვ.) თანამშრომლობა.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირის მიუხედავად, ლაბორატორიაში მუდმივად მიმდინარეობდა ძველი ჩანაწერების გადაწერა-განახლებისა და ნოტირების სამუშაოები; აუდიო, სანოტო, ფოტო და სხვ. მასალების იდენტიფიკაციის, პასპორტიზაციის, კატალოგიზაციის პროცესები, ივსებოდა ბიბლიოთეკა. ფოლკლორის ლაბორატორიისათვის საშტატო ერთეულების მოპოვებისა და ახალგაზრდა კადრების დასაქმების ახალი ეტაპი 1980-იანი წლებიდან, კუკური ჭოხონელიძის ხელმძღვანელობის პერიოდიდან, დაიწყო.
2003 წელს ფოლკლორის კათედრისა და ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, რომელმაც მსოფლიო და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი სწორედ ჩვენს თანამშრომლებთან ერთად მოამზადა. ამავე სტრუქტურული ერთეულების საფუძველზე ჩამოყალიბდა ქართული საეკლესიო გალობის კვლევის ლაბორატორია და მიმართულება (2006-2007 წწ.).
დღეისათვის ლაბორატორიის ფონდში დაცულია:
• აუდიოთეა − საექსპედიციო ჩანაწერები, სახელმწიფო და კერძო კოლექციები სხვადასხვა მატარებელზე (ცვილის ლილვაკები, მაგნიტური ფირები და კასეტები, ციფრული მატარებლები), გრამფირფიტები და გამოცემული კომპაქტური დისკები;
• ვიდეოთეკა − საექსპედიციო კადრები, დოკუმენტური ფილმები, საკონცერტო ჩანაწერები, კონფერენციები, ლექციები, ინტერვიუები, გამოცემული დისკები;
• ფოტოები, სლაიდები;
• ბეჭდური მასალა − სანოტო და სამეცნიერო შრომების კრებულები, წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, თეზისები, ბუკლეტები და სხვ.;
• ხელნაწერები − წლიური სამეცნიერო ნაშრომები, დიპლომები, დისერტაციები, ავტორეფერატები, რეცენზიები, საექსპედიციო დღიურები, სანოტო მასალა და სხვ.;
• სხვა დოკუმენტები: ოქმები, ანგარიშები, წერილები და სხვ.;
• ხალხური საკრავების კოლექცია.
ლაბორატორიაში კონსერვატორიის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის პარალელურად მიმდინარეობს საარქივო მაგნიტური ფირების რესტავრაცია, ციფრული ასლების შექმნა, აუდიომასალის დამუშავება-რედაქტირება, პასპორტიზაცია, კატალოგიზაცია, მონაცემთა ბაზაში შეტანა; ასევე − საბიბლიოთეკო სამუშაო (ფონდების რესტავრაცია, ახალი ერთეულების შეძენა, ასლების დამზადება, სკანირება, ელექტრონული გამოცემების მოძიება-გადმოწერა), კონცერტების, საჯარო ლექციების ჩაწერა.
ლაბორატორიის სპეციალისტები ემსახურებიან და კონსულტაციას უწევენ სტუდენტებს, პედაგოგებს, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ლოტბარებს, ანსამბლებს, ტრადიციული მუსიკის მოყვარულებს, რეგიონებიდან თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს.
ლაბორატორიას იმთავითვე ჰქონდა სამეცნიერო პროფილი, რომელსაც დღესაც ინარჩუნებს. თანამშრომლები აქტიურად საქმიანობენ სამეცნიერო-კვლევით ასპარეზზე: აქვეყნებენ ნაშრომებს, წიგნებს, საარქივო აუდიოჩანაწერებს, სანოტო კრებულებს, სტატიებს, მოხსენებებით გამოდიან ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმებსა თუ სიმპოზიუმებზე, ჩართული არიან საველე-შემკრებლობით საქმიანობაში, სპეციალური და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების შედგენა-განხილვაში, ფესტივალების ორგანიზებაში, მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, ტელე-რადიოგადაცემებში.
ლაბორატორიის წევრები:
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: folklab@tsc.edu.ge
ტელ.: (+995 032) 2935260