2022 წლის 2-6 მაისს პროექტის „Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units / HERD“ (დაფინანსებულია Erasmus +K2 პროგრამით) ფარგლებში შედგა საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის – ბ-ნ ზაზა მარუაშვილის ვიზიტი დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD).
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან შეხვედრებში მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევების საკოორდინაციო დეპარტამენტის უფროსი მარიკა ნადარეიშვილი. გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი – დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TU Dresden) პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია, რომელიც პროექტში მეცნიერების მენეჯმენტის და ინტერნაციონალიზაციის სხვადასხვა ასპექტის კუთხითაა ჩართული.
ვიზიტის ორგანიზატორი და მასპინძელი იყო დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC). ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა კვლევის ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე, ასევე კვლევით დაწესებულებებს შორის კოლაბორაციის ფორმებზე (33 კვლევითი ინსტიტუტის კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ე.წ. Dresden concept), დაიგეგმა პროექტის შედეგების მომდევნო განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები.