11 მაისს, 13:00 საათზე კონსერვატორიის კამერულ დარბაზში მასტერკლასს ჩაატარებენ Berklee College of Music-ის პროფესორები: გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი და პიანისტი გიორგი მიქაძე.
ვიზიტის ფარგლებში გარდა მასტერკლასისა გიორგი მიქაძე 13 მაისს კლუბ “რესპუბლიკაში” მსმენელს წარუდგენს ახალ საავტორო პროექტს „Georgian MicrojamZ – M F TroniX”.
დევიდ ფიუზინსკი ცნობილი ამერიკელი ჯაზ-გიტარისტი, მკვლევარი და კომპოზიტორია. მას ჩაწერილი აქვს 95-ზე მეტი მუსიკალური ალბომი. “ჯაზ მუსიკოსი, რომელსაც არ სურს მხოლოდ ჯაზის შესრულება”, ასე აღწერს საკუთარ თავს თავად მუსიკოსი. შესაბამისად, დევიდ ფიუზინსკის შემოქმედება განსაკუთრებით მულტიჟანრულია და მასში სინთეზირებულია ჯაზის, ფანკის, ფიუჟენის, მიკროტონალური, არაევროპული, ელექტროაკუსტიკური მუსიკის რიტმულ-ინტონაციური ელემენტები.
დევიდ ფიუზინსკიმ 2012 წელს Berklee College of Music-ში დააფუძნა “Planet MicroJam Institute”, რომელიც მიკროტონალური აკუსტიკური სისტემის დასავლეთევროპულ მუსიკაში, ჯაზში, ეთნიკურ ფოლკლორულ მუსიკასა და სხვადასხვა კონტექსტებში გამოყენებას იკვლევს. https://college.berklee.edu/focused/planet-microjam-institute
გიორგი მიქაძე ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (2010), Berklee College of Music-ისა და Manhattan School of Music-ის კურსდამთავრებული,Yamaha-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი, 2021 წლიდან არის Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორი. მუსიკოსი წლებია თანამშრომლობს ჯაზის, კლასიკური, ელექტროაკუსტიკური, პოპ-მუსიკის და მუსიკალური ბიზნესის ცნობილ ხელოვანებთან. კონცერტებს მართავს მსოფლიოს ისტორიულ ჯაზ-კლუბში, საკონცერტო დარბაზებში და სტადიონებზე, როგორც აკადემიური მუსიკის, ასევე ჯაზ-შემსრულებელი.
გიორგი მიქაძემ ჯაზის, აკადემიური მუსიკის, ქართული მუსიკისა და ზოგადკულტურული ტენდენციების ჭრილში რამდენიმე საავტორო პროექტი შექმნა: „ქართულ სიმღერათა კრებული“ (Georgian song Book, Vol 1. 2017), „ქართული ობერტონები“ (“Georgian Overtones”), პროექტი „ვოისა“, „Georgian MicroJamZ“ და სხვა. ამჯერად ვიზიტის ფარგლებში გარდა მასტერკლასებისა გიორგი მიქაძე მსმენელს წარუდგენს ახალ საავტორო პროექტს „Georgian MicrojamZ – M F TroniX”.