თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ 2021 წელს გამოცხადებული პრემიების მოსაპოვებლად წარადგინა მუსიკის სფეროს ორი გამორჩეული წარმომადგენელი და მათი ნაშრომები:
“საქართველოს ეროვნული პრემიის” მოსაპოვებლად ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ნაშრომი „საგალობელთა ჟანრები და ნევმირების ტრადიცია XIX საუკუნის ქართული ხელნაწერების მიხედვით“. ქალბატონ მანანა ანდრიაძეს წელს 70 წელი შეუსრულდებოდა. იგი იყო პირველი ქართველი მუსიკისმცოდნე ქალი, რომელმაც დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დააარსა საეკლესიო მუსიკის კათედრა და შექმნა ქართული საგალობლების კვლევის სკოლა. სწორედ მანანა ანდრიაძის სახელს უკავშირდება ქართული გალობის პოპულარიზაციისთვის გაწეული მრავალმხრივი საქმიანობა.
ხოლო „შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის“ მოსაპოვებლად კონსერვატორიამ წარადგინა სახელოვანი ქართველ კომპოზიტორი, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწე, კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების ემერიტუსი, ამაგდარი პედაგოგი, მეცნიერ-გამომგონებელი ნოდარ მამისაშვილი -ნაწარმოებისთვის ,,განცდანი-Passion” a cappella შერეული დიდი გუნდისათვის და მთელი მისი ღვაწლისათვის ქართული კულტურის წინაშე.