კონსერვატორიამ გამოსცა ქართველი მეცნიერის, ახალი ქართული ეთნომუსიკოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის კუკური ჭოხონელიძის სამეცნიერო შრომების კრებული „ეთნომუსიკოლოგიური ძიებანი. სტატიები. მოგონებები“.
წიგნი ორენოვანია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) და რამდენიმე ნაკვეთისგან შედგება. პირველში წარმოდგენილია მკვლევრის ნააზრევი კილოს, მელოდიის, ჰარმონიის, იმპროვიზაციის როლის შესახებ ქართულ ხალხურ სიმღერაში; მომდევნო ნაკვეთები ეთმობა მცირე ფორმატის პუბლიკაციებს, რომლებიც ქართულ გალობას, სუფრულ სიმღერებს, კოლეგებს ეძღვნება.
აქვე მკითხველი გაეცნობა თვით ბატონი კუკურის შესახებ დაწერილ სტატიებს. წიგნს ერთვის ფოტოები და დისკი, რომელზეც წარმოდგენილია ვიდეოფრაგმენტები მერაბ კოკოჩაშვილისა და დიმიტრი გუგუნავას დოკუმენტური ფილმებიდან, ანჩისხატის ტაძრის გუნდის საკონცერტო ჩანაწერიდან. გამოცემა ეძღვნება კუკური ჭოხონელიძის დაბადებიდან 80 წლისთავს.
კრებული მომზადდა ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიაში. ფინანსური მხარდამჭერები კონსერვატორიასთან ერთად არიან შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“ და ფონდი „ქართული გალობა“