თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამოსცა კონსერვატორიის პედაგოგის, სამუსიკო ხელოვნების დოქტორის ნინო (ნუცა) კასრაძის წიგნი „ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლების მეთოდიკა“. სახელმძღვანელოს ავტორს წლების მანძილზე მიჰყავს შესაბამისი სასწავლო კურსები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასევე, იგი ეყრდნობა ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებლებში სპეციალური ფორტეპიანოს სწავლების მრავალწლიან გამოცდილებას.
გამოცემა წარმოადგენს ლექციების მოკლე კურსს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სალექციო კურსის მიზნობრივი აუდიტორიაა:
- კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულება – საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები;
- ფორტეპიანო, როგორც არჩევითი საგანი – ნებისმიერი საფეხურის სტუდენტები;
- ფორტეპიანოს ონლაინ სასწავლო კურსი – უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინგლისურენოვანი სტუდენტები ან სტუდენტთა ჯგუფები;
- დაინტერესებულ მუსიკოსთა ფართო წრე.
ნაშრომში ავტორი ახდენს ევროპელი, რუსი და ქართველი სპეციალისტების მიერ სხვადასხვა დროს შემოთავაზებული აქტუალური მეთოდების სისტემატიზაციას და მკითხველს სთავაზობს საკუთარ მეთოდურ მიდგომებს.
გამოცემის რეცენზენტები არიან რევაზ თავაძე და მანანა გოცირიძე; რედაქტორია ედიშერ სავიცკი. წიგნის გარეკანის დიზაინში გამოყენებულია მხატვარ გია ხუციშვილის ფერწერული ნამუშევრის ფრაგმენტი.