
29 ოქტომბერს, 16:00 საათზე კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში გაიმართება პროფესორ სტივენ თომპსონ მურის ლექცია “პრაღის მიღმა: ებრაელთა ემანსიპაცია და ფორტეპიანოს ებრაელი ვირტუოზების აღზევება”.
იხილეთ ლექციის აბსტრაქტი – პრაღის მიღმა:
ებრაელთა ემანსიპაცია და ფორტეპიანოს ებრაელი ვირტუოზების აღზევება პრაღელი ებრაელი მშობლებისთვის იგნაც მოსშელესის წარმატებამ აჩვენა, რომ მუსიკა შეიძლებოდა რეალურ კარიერად ქცეულიყო მათი შვილებისათვის და შესაძლებელი იყო, რომ, სულ ცოტა, ერთი ვაჟი ბავშვობიდანვე სერიოზულად მისდგომოდა მუსიკალურ განათლებას და მუსიკისათვის ცხოვრების მიძღვნაზე ეფიქრა. პროფესორ მურის უახლესი კვლევა ნათელს ჰფენს ბოჰემიური ფორტეპიანო ვირტუოზების გამორჩეულ თაობას 1815-1840 წლების პერიოდში. ესენია: ზიგმუნდ გოლდშმიტი, იგნაც ტედესკო, ალექსანდერ დრაისშოკი, ვილჰელმ ქუიე, იულიუს შულჰოფი, შარლ ველე, ბერნარდ რიე, ლეოპოლდ ლიონი — რომლებიც თანამედროვე მეცნიერებისთვისაც კი თითქმის უცნობები არიან, ისევე როგორც თანამედროვე ფორტეპიანოს რეპერტუარისთვის.
ინფორმაცია ლექტორის შესახებ
პროფესორმა სტივენ თომპსონ მურმა მუსიკოლოგიის ხარისხები ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში მიიღო. მისი სტატიები მუსიკის შესახებ გამოქვეყნებულია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, პორტუგალიურ, გერმანულ, ჰოლანდიურ და უნგრულ ენებზე აშშ-ის, ბრაზილიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ისრაელის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და უნგრეთის სამეცნიერო ჟურნალებში. მისი უახლესი წიგნი მეოცე საუკუნის ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების მუსიკის შესახებ 2025 წლის მაისში გამოიცა პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში, გამომცემლობა Edições Colibri-ს მიერ. ის არის მაიამიში, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში მდებარე გრინის ბიბლიოთეკის ხმისა და გამოსახულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.