დადგენილება №49/2021 – სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების დაკისრების შესახებ
დადგენილება №49/2021
თარიღი: 29 აპრილი, 2021 წელი
კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შერჩეულმა კანდიდატმა – მაია ავალიანმა, მიმინარე წლის 27 აპრილს მომართა აკადემიურ და წარმომადგენლობითი საბჭოებს განცხადებით, არ განეხილათ მისი კანდიდატურა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში. აღნიშნული განცხადება ცნობად იქნა მიღებული და კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ 2021 წლის 28 აპრილის #48/2021 დადგენილებით გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. იმის გათვალისწინებით, რომ კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს – ნიკოლოზ ხორბალაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 28 აპრილს, (ამოეწურა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ორი ვადა), ამასთან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მ.წ 29 აპრილს, ოჯახური პირობების გამო მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, მნიშვნელოვანია, ახალი კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე არ შეფერხდეს კონსერვატორიის ნორმალური ფუნქციონირება.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ „საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის N176 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისათვის განსხვავებული სამუშაო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის 29.04.2021 წლის #00004219 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებზე, მათი უწყვეტი საქმიანობის განხორციელების, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებისა და შემოსავლების მიღების მიზნით, არ ვრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის N175 დადგენილება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ხელმძღვანელებს დაევალათ აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, აკადემიური საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიიღოს გადაწყვეტილება, კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების დაკისრების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტიდან, „საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის N176 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისათვის განსხვავებული სამუშაო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის 29.04.2021 წლის #00004219 ბრძანების მე-3 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის №20 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 20),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ქეთევან ურდულაშვილს დაეკისროს სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის კანონით დადგენილი წესით დამტკიცებამდე.
2.დადგენილება ექვემდებარება სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს მიერ დამტკიცებას;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tsc.edu.ge.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე