„მუსიკა და საბჭოთა ოკუპაცია“ – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით მაყურებელს ვიდეოების ციკლის შესთავაზებს.
6 ვიდეო გააერთიანებს 21 ამბავს საბჭოთა ოკუპაციაზე ქართულ მუსიკაში. გამორჩეული ქართველი ხელოვანები გაიხსენებენ მცირე ხნით მოპოვებულ დამოუკიდებლობას 1919-21 წლებში, საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად დაბადებულ ქართულ პროფესიული მუსიკას, ოკუპაციის პირველ წლებს, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვას, ისტორიული ფაქტებით მანიპულირებას, ტრადიციულ მრავალხმიანობაში ქართული იდენტობის დაკარგვის საფრთხეს, რეპრესიებს და საბოლოოდ კვლავ მოპოვებულ თავისუფლებას.
ვიდეოების პრეზენტაცია 10 მაისიდან ეტაპობრივად მოხდება პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დღის კოდი“, 26 მაისს კი პროექტს გადაცემის სტუდიაში შეაჯამებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე.
მაყურებელი კიდევ ერთხელ გაივლის 70 წლიან რთულ გზას ბოლშევიკური რუსეთის მიერ უკუპირებულ საქართველოში და ნახავს, თუ როგორ იმოქმედა ამ საბედისწერო პერიოდმა ხელოვნებაზე, როგორი იყო ამ დროს ქართველი ქალი არტისტების ბედი, რა დავკარგეთ და რისი შენარჩუნება შევძელით, როგორ ვრცელდებოდა და როგორ სრულდებოდა აკრძალული ნაწარმოებები და რად გარდაიქმნა ევროპული ქვეყნების კვალდაკვალ განვითარებული ქართული ტრადიციული მუსიკა ოკუპაციის პირობებში.
„მუსიკა და საბჭოთა ოკუპაცია“ ეძღვნება საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს და იგი რამდენიმე აქტივობისგან შედგება. ვიდეოების ციკლის გარდა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ოქტომბრის თვეში გეგმავს ლექციებისა და დისკუსიების მოწყობას ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, სადაც განიხილება ოკუპაციის თემა სხვადასხვა კონტექსტში. ასევე, დაგეგმილია თემატური კონცერტის გამართვაც.