თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით მაყურებელს ვიდეოების ციკლი “მუსიკა და საბჭოთა ოკუპაცია” შესთავაზა, რომელიც ეძღვნება საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს.
6 ეპიზოდი აერთიანებს 21 ამბავს საბჭოთა ოკუპაციაზე ქართულ მუსიკაში. გამორჩეული ქართველი ხელოვანები იხსენებენ მცირე ხნით მოპოვებულ დამოუკიდებლობას 1919-21 წლებში, საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად დაბადებულ ქართულ პროფესიული მუსიკას, ოკუპაციის პირველ წლებს, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვას, ისტორიული ფაქტებით მანიპულირებას, ტრადიციულ მრავალხმიანობაში ქართული იდენტობის დაკარგვის საფრთხეს, რეპრესიებს და საბოლოოდ კვლავ მოპოვებულ თავისუფლებას.
ვიდეოების პრეზენტაცია სტუდიაში მიწვეულ სტუმრებთან ერთად 10 მაისიდან ეტაპობრივად მოხდა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დღის კოდი“, 31 მაისს კი პროექტი შეაჯამა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.
მაყურებელმა კიდევ ერთხელ გაიარა 70 წლიანი რთული გზა ბოლშევიკური რუსეთის მიერ უკუპირებულ საქართველოში და ნახა, თუ როგორ იმოქმედა ამ საბედისწერო პერიოდმა ხელოვნებაზე, როგორი იყო ამ დროს ქართველი ქალი არტისტების ბედი, რა დავკარგეთ და რისი შენარჩუნება შევძელით, როგორ ვრცელდებოდა და როგორ სრულდებოდა აკრძალული ნაწარმოებები და რად გარდაიქმნა ევროპული ქვეყნების კვალდაკვალ განვითარებული ქართული ტრადიციული მუსიკა ოკუპაციის პირობებში.
გადაცემის წამყვანები: დავით ალადაშვილი და ნატალია ქუთათელაძე
ვიდეოების ავტორი: ანა აბაკელია
8 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ საზოგადოებას ახალი პროექტი შესთავაზა სახელწოდებით „პოლიტიკა, მუსიკა და ოკუპაცია“. იგი მრგვალი მაგიდის ფორმატში ონლაინ გაიმართა. სულ შედგა 6 შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებმა მიიღებეს მონაწილეობას, როგორც საქართველოდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლიეტუვადან და პოლონეთიდან.
პროექტის პირველი ნაწილი რამდენიმე თვის წინ პირველი არხის გადაცემა “დღის კოდთან” ერთად განხორციელდა. მომზადდა ვიდეო სერიების ციკლი, რომელმაც გააერთიანა 21 ამბავი საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ქართულ მუსიკაში.