გამოვიდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ქეთევან ბოლაშვილის წიგნი „XX საუკუნის მუსიკის ისტორია: ლექციები”. I ნაწილი (მეორე გამოცემა). საგამომცემლო პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით და მიზნად ისახავდა 2011 წელს გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს სრულ განახლებას, გადამუშავებასა და გაფართოებას.
წიგნი ასახავს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიული პერიოდის მხატვრულ და სტილისტურ მრავალფეროვნებას. იგი მოიცავს საკომპოზიტორო სკოლების ფართო გეოგრაფიულ არეალს (ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, უნგრეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები). სახელმძღვანელოს მეორე რედაქციაში დამატებულია რამდენიმე ახალი თავი, კერძოდ, ამერიკული მუსიკისა და რუსული ავანგარდის მიმოხილვა და განმაზოგადებელი ხასიათის თავები. განმაზოგადებელი ნარკვევები საშუალებას მისცემენ სტუდენტებს, უფრო ღრმად შეისწავლონ მუსიკალური პროცესები ისტორიულ მოვლენებთან მიმართებაში, ხოლო მონოგრაფიული თავები ამ მხატვრულ- ისტორიული პროცესების ერთი კონკრეტული ავტორის შემოქმედებაზე ზეგავლენას წარმოაჩენენ.
მონოგრაფიულ თავებს მეტი თვალსაჩინოებისთვის თან ახლავს ფოტომასალა. თითოეული მონოგრაფიული თავის ბოლოს მოცემულია კომპოზიტორის ძირითადი ნაწარმოებების ნუსხა. გამოცემას ბოლოს ერთვის რეკომენდებული ლიტერატურის ვრცელი სია, გამდიდრებული ახალი პუბლიკაციებითა და ინტერნეტრესურსებით, მათ შორის, ქართული წყაროებით.
წიგნის დანართში მოცემულია 1901-1945 წწ. მნიშვნელოვანი ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური, სამეცნიერო და მხატვრული მოვლენების ქრონოლოგია. სალექციო კურსი ავტორის მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების და სამეცნიერო მუშაობის შედეგია. გამოცემის რეცენზენტები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მარინა ქავთარაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაია სიგუა. წიგნზე მუშაობდნენ: რედაქტორი ქეთევან ბაქრაძე, ლიტრედაქტორი მარინე კვესელავა; დიზაინერ-დამკაბადონებელი თინათინ ბარკალაია.
წიგნი დაიბეჭდა კონსერვატორიის სტამბაში. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეს ახალი გამოცემა ერთადერთი ქართულენოვანი სასწავლო წყაროა ამ მრავალმხრივი და არაერთმნიშვნელოვანი ეპოქის მუსიკის შესახებ. იგი რამდენადმე ავსებს ქართულენოვანი სპეციალური სახელმძღვანელოების დეფიციტს, რაც განსაზღვრავს წიგნის პრაქტიკულ ღირებულებას მსოფლიო მუსიკის ისტორიის კურსის შესწავლის საქმეში. წიგნი სტუდენტებსა და ფართო აუდიტორიას საშუალებას მისცემს, XX საუკუნის პირველი ნახევრის მუსიკის უმნიშვნელოვანესი მხატვრული პროცესებისა და ავტორების შესახებ ცოდნა გაიფართოონ და განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია მიიღონ.