1952 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიაში მესამედ, 1924 და 1936 წლების შემდეგ, გაიხსნა საოპერო სტუდია, რომელიც არის ვოკალურ-სცენური ოსტატობის სკოლა კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
საოპერო სტუდიაში წლების მანძილზე აღიზარდნენ საუკეთესო ვოკალურ-საშემსრულებლო და სამსახიობო მონაცემების მქონე ნიჭიერი მომღერლები, რომლებიც დღეს მთელს მსოფლიოში მოღვაწეობენ და სახელს უხვეჭენ, როგორც საკუთარ ქვეყანას, ისე იმ ვოკალურ სკოლასაც, რომელმაც განაპირობა მათი მაღალი რანგის პროფესიონალებად ჩამოყალიბება.
საოპერო სტუდიის ”კურსგავლილ” მომღერალთა შორის არიან: ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, თენგიზ მუშკუდიანი, მედეა ამირანაშვილი, ლამარა ჭყონია, თეიმურაზ გუგუშვილი, პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, იანო ალიბეგაშვილი, თამარ ივერი (ჯავახიშვილი), ლიზა მარტიროსიანი, ალა სიმონიშვილი, ნინო მაჩაიძე, ნინო სურგულაძე, გია ონიანი, მამუკა ლომიძე, ქეთევან ქემოკლიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, ანიტა რაჭველიშვილი, მარიკა მაჩიტიძე, მიხეილ ქირია, სოფიო მჭედლიშვილი, გოჩა აბულაძე და სხვ.
კონსერვატორიის საოპერო სტუდიის რეპერტუარი მრავალფეროვანია. სხვადასხვა წლებში აქ დაიდგა შემდეგი ოპერები: ზ. ფალიაშვილის ”აბესალომ და ეთერი”, ”დაისი”,ო. თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული“,კ. ორფის „ჭკვიანი ქალბატონი“, პ. ჩაიკოვსკის ”ევგენი ონეგინი” და ”იოლანტა”, შ. გუნოს ”ფაუსტი”, ნ. რიმსკი-კორსაკოვის ”ვერა შელოგა”, ს. რახმანინოვის ”ალეკო”, ქ.ვ. გლუკის ”ორფევსი და ევრიდიკე”, ვ.ა. მოცარტის ”ბასტიენი და ბასტიენა”, ”ჯადოსნური ფლეიტა” და ”ფიგაროს ქორწინება”, ჯ.ბ. პერგოლეზის ”მოახლე ქალბატონო”, ჯ. ვერდის ”რიგოლეტო” და ”ტრავიატა”, ჯ. როსინის ”სევილიელი დალაქი”, გ. დონიცეტის ”დონ პასკუალე”, „სიყვარულის ნექტარი“,ჯ.პუჩინის „ბოჰემა“, ჯ.ბიზეს „ კარმენი“.
2000 წლიდან დღემდე შესაძლებელი გახდა მთელი რიგი პროექტების განხორციელება: კონსერვატორიისა და გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი გ.ფ. ჰენდელის ”ამადიჯი” (2003, რომლის დამდგმელი რეჟისორი და დირიჟორი გახლდათ ვერენა და კორნელია ფონ კერსენბროკები), კონსერვატორიისა და ”ბრითიშ ამერიკან ტობაკოს”, ექსიმ-ბანკის ერთობლივი პროექტი გ. დონიცეტის ”დონ პასკუალე” (2004). კონსერვატორიისა და იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი პროექტი ჯ. როსინის ”სევილიელი დალაქი” (2005). აგრეთვე კონსერვატორიისა და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ერთობლივი პროექტი „საოპერო სტუდია ოპერის თეატრში“, სადაც გაიმართა ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“ და ჯ. ვერდის „ტრავიატა“.
საოპერო სტუდიის მომსახურე პერსონალი:
საოპერო სტუდიის მენეჯერი: ირინა რამიშვილი
კონტაქტები:
ტელეფონი: (+995 32) 293 52 30