თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პროექტი იუნესკოს საერთაშორისო კონკურსის, 2020–2021 წლის „მონაწილეობის პროგრამის“ ქართველი გამარჯვებული გახდა.
პროექტის ფარგლებში მომზადდება და გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სტატიების კრებული „ქალთა როლი იუნესკოს მიერ აღიარებულ ევროპულ ტრადიციულ სასიმღერო პრაქტიკებში”, თანდართული აუდიო-ალბომით. გამოცემა წამყვან ევროპულ კვლევით-საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან პარტნიორობით მომზადდება და მასში გაერთიანდება სტატიები UNESCO-ს მიერ აღიარებულ ქართულ, ესტონურ, ლიეტუვურ, პორტუგალიურ, კორსიკულ და ბულგარულ ტრადიციულ სასიმღერო პრაქტიკებში ქალთა ემანსიპაცია-ლიბერალიზაციის შესახებ, აუდიო-ალბომში კი წარმოდგენილი იქნება მონაწილე ქვეყნების ქალთა რეპერტუარის საუკეთესო ნიმუშები. პროექტი მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა მსოფლიოში, უპირატესად, მამაკაცთა ფოლკლორის სახითაა ცნობილი.
გამოცემული კრებულების ნაწილი დაეგზავნება პროექტის პარტნიორ ევროპულ ინსტიტუციებს, ნაწილი კი ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში გავრცელდება.