თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საგამომცემლო საქმიანობას ახორციელებს 1973 წლიდან. მუსიკის ისტორიისა და თეორიის, საეკლესიო მუსიკისა და ეთნომუსიკოლოგიის, სამუსიკო შემსრულებლობის განხრით კონსერვატორია 100-ზე მეტ გამოცემას ითვლის. კონსერვატორიის გამოცემებს შორის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და კომპოზიტორთა კავშირთან ერთობლივი გამოცემებიცაა.
კონსერვატორიის საგამომცემლო საქმიანობის პრიორიტეტია ქართულენოვანი სამუსიკისმცოდნეო სასწავლო ლიტერატურის – სალექციო კურსების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, ქრესტომათიების გამოცემა კონსერვატორიის პროფესორ–მასწავლებელთა ავტორობით.
1973 წლიდან რეგულარულად გამოდის კონსერვატორიის სამეცნიერო შრომათა კრებულები, 1993 წლიდან სერიით “მუსიკისმცოდნეობის საკითხები”. კრებულებში იბეჭდება კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სტატიები, აგრეთვე, კონსერვატორიაში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონფერენციების მოხსენებები ქართულ ენაზე, ინგლისური ანოტაციებით.
2017 წლიდან კონსერვატორიამ დააარსა ახალი რეგულარული გამოცემა – სანოტო კრებულების სერია სახელწოდებით „მუსიკალური ალმანახი“. სანოტო კრებულში იბეჭდება კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა სხვადასხვა ჟანრის ქმნილებები. ნოტებს წინ უძღვის სამუსიკისმცოდნეო ანოტაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე. გამოცემას თანდართული აქვს ჩანაწერების კომპაქტდისკები. მუსიკალური ალმანახის პირველი გამოშვება ეძღვნება კონსერვატორიის 100 წლისთავს.
რეგულარული გამოცემების გარდა კონსერვატორია გამოსცემს სხვა სამეცნიერო, მეთოდურ, საცნობარო, მუსიკალურ – პუბლიცისტურ ლიტერატურასაც. კონსერვატორიის გამოცემები წარმოდგენილია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით.
კონტაქტი:
გამომცემლობა
ოთახი: 226
ტელ: (+995 32) 2 98 71 88
email: publishing@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10