შეიქმნა 2005 წელს კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის თაოსნობით და რექტორატის მხარდაჭერით. ანსამბლს ხელმძღვანელობს ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნატალია ზუმბაძე.
ჯგუფის მთავარი მიზანია საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციული რეპერტუარის ნიმუშების შესრულება. სიმღერა და საკრავიერი ჰანგი ისწავლება ფონოჩანაწერებიდან. დაცულია ხალხური შემსრულებლობის ძირითადი წესები. ანსამბლში არ არიან ერთი და იმავე ხმების მუდმივი შემსრულებლები. ჯგუფის წევრები მღერიან, უკრავენ, აბამენ ფერხულს, ცეკვავენ.
ფოლკლორული ანსამბლი აქტიურად არის ჩართული კონსერვატორიის მუსიკალურ ცხოვრებაში: მონაწილეობს კონცერტებში, სანოტო კრებულებისა და წიგნების პრეზენტაციებში, სამეცნიერო კონფერენციებში, ტრადიციული მუსიკის საღამოებში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებსა და ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმებში.
ამჟამად სტუდენტური ანსამბლი ტრადიციულ საქმიანობას ახალი შემადგენლობით აგრძელებს. დღევანდელ კონსერვატორიელებთან ერთად (მარიამ კაპანაძე, მარიამ ბარათაშვილი, მარიამ ფერიაშვილი, ნინო ცაცანაშვილი, ქეთი კიკნაძე, ქეთი ჭაბუკაიძე) მასში მღერიან ძველი კურსდამთავრებულებიც (თეონა რუხაძე, მზია დავლაშერიძე, ნათია დათუაშვილი). ხალხურ სულს, სიმხნევესა და ენერგიას მატებენ ანსამბლს თუშურ და ფშაურ მუსიკას ყოფაში ზიარებული წევრები (რუსუდან პატურაშვილი, მარი ხაჩიძე).
კონსერვატორიის სტუდენტურ ანსამბლს რეპეტიციები აქვს კვირაში ორჯერ _ სამშაბათს და ხუთშაბათს, 18.00-20.00 (აუდიტორია #404).
ანსამბლის კარი ღიაა ნებისმიერი სტუდენტისა და დოქტორანტისათვის, რომელსაც უყვარს და შეუძლია მღერა, ხალხურ საკრავზე დაკვრა, ცეკვა.
e-mail: natalia.zumbadze@tsc.edu.ge