19 – 28 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საოპერო სტუდიის დაარსებიდან 70 წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებათა სერიას კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.
19 ნოემბერს , 19:00 საათზე, დიდი დარბაზის ფოიეში მოეწყობა მხატვარ ნეიკო ნეიძის 20 წლის მანძილზე შექმნილი საოპერო კოსტიუმების ჩვენება. კოსტიუმებს აუდიტორიას წარუდგენენ კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები.„
ჩვენება გაიმართება კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდენტის – გიორგი კობერიძის ორიგინალური კომპოზიციების თანხლებით.
ჩვენების პარალელურად, დიდი დარბაზის ფოიეში გამოიფინება საოპერო სტუდიის არსებობის 70 წლის მანძილზე მოღვაწე მხატვრების კოსტიუმები, ესკიზები და დეკორაციები, რომელთა ხილვაც გამოფენის სტუმრებს საოპერო სტუდიის კონცერტმაისტერის – პიანისტ რატი გვალიას მუსიკალური შესრულების ფონზე შეეძლებათ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. (გამოფენა დიდი დარბაზის ფოიეში საიუბულეო ღონისძიებათა სერიის დასრულებამდე დარჩება).
22 და 23 ნოემბერს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება ჯაკომო პუჩინის ერთაქტიანი ოპერა „ჯანი სკიკი“ . პანდემიის მიზეზით არსებული რეგულაციების გამო, სპექტაკლის პრემიერა გაზაფხულზე მხოლოდ ფორტეპიანოს თანხლებით შედგა, ამჯერად კი წარმოდგენები ორი სადადგმო შემადგენლობით, საოპერო სტუდიის ორკესტრთან ერთად ჩატადება. ორკესტრს პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს. რეჟისორი – ლელა გვარიშვილი, მხატვარი – ნეიკო ნეიძე. ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება.
28 ნოემბერს 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში საიუბილეო ღონისძიებათა სერია დაიხურება გალა კონცერტით, სადაც კონსერვატორიის სტუდენტები ქართველ საოპერო ვარსკვლავებთან ერთად იმღერებენ. გალა კონცერტს მუსიკალურ თანხლებას გაუწევს საოპერო სტუდიის ორკესტრი, რომელსაც უდირიჟორებენ: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი, პროფესორი გოგი ჭიჭინაძე, ასოცირებული პროფესორი ავთო მამაცაშვილი, ასისტენტ პროფესორი ლევან ჯაგაევი და ვახტანგ გაბიძაშვილი. ღონისძიებაზე დასწრება მოხდება მოსაწვევებით.
კონსერვატორიის საოპერო სტუდია 1952 წლიდან არსებობს როგორც ვოკალურ-სცენური ოსტატობის სკოლა კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საოპერო სტუდიამ ამ წლების მანძილზე არაერთი საოპერო ვარსკვლავი აღზარდა, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან სცენებს იპყრობენ და სახელს უხვეჭენ, როგორც საკუთარ ქვეყანას, ასევე კონსერვატორიის ვოკალურ სკოლას.
კონსერვატორიის საოპერო სტუდიამ, საქართველოში საოპერო მიმართულებით დამკვიდრებული ტრადიიციის შესაბამისად, საპრემიერო სპექტაკლი – ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ 1952 წელს წარმოადგინა.
საიუბილეო ღონისძებების გენერალური სპონსორია – ბიპი საქართველო.
სპონსორი – საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია ”GERA”