7 ნოემბერს, 18:00 საათზე კონსერვატორიის კამერულ დარბაზში გაიმართება მუსიკის თერაპიის ცენტრ “ბეკარის” თანადამფუძნებელის, მუსიკათერაპევტ მარინა რაიდტ-ალთუნაშვილის საჯარო ლექცია: „მუსიკა – როგორც თერაპია.“
მომხსენებელი გააანალიზებს, თუ რა გავლენა აქვს მუსიკას, როგორც კომუნიკაციის უნივერსალურ ენას და თერაპიის ინსტრუმენტს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
მუსიკით მკურნალობის ისტორია ისეთივე ძველია, როგორც თავად მედიცინისა. მუსიკა ერთ-ერთი უძველესი გზაა მათ შორის, რასაც სამკურნალოდ გამოიყენებდნენ. დღეისათვის ეს უძველესი სიბრძნე სამეცნიერო კვლევებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული. კვლევებით დასტურდება, რომ მუსიკას უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის, როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე.
მარინა რაიდტ-ალთუანშვილი არის მუსიკათერაპიის მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი. მან 2005 წელს გერმანიაში, ვიტენ-ჰერდეკეს უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი მუსიკათერაპიის მიმართულებით და მიენიჭა უფლება აწარმოოს დიპლომირებული მუსიკათერაპევტის საქმიანობა. 2005 წლიდან დღემდე ეწევა მუსიკათერაპევტის საქმიანობას გერმანიაში, სხვადასხვა დაწესებულებებში. 2020 წლიდან, კი პირველი ნორდოფ-რობინსის მეთოდზე დაფუძნებული ქართულ-გერმანული მუსიკის თერაპიის ცენტრის – „ბეკარის“ თანადამფუძნებელია.
დასწრება თავისუფალია.