16 თებერვალს კონსერვატორიის მცირე დარბაზის ფოიეში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოს პარლამენტის ი.ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სხვადასხვა პროექტების განხორციელებისა თუ რესურსების (მათ შორის ინტელექტუალური) გაზიარების გზით, ხელი შეუწყონ როგორც ერთმანეთის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სახელოვნებო საქმიანობის, აგრეთვე, საზოგადოების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების განვითარებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ და
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში კონსერვატორიის ინიციატივით განხორციელდება საგამომცემლო პროექტი, რომელიც გულისხმობს ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპოზიტორის „ქართული საეკლესიო საგალობლების“ ერთობლივად გამოცემას.
1909 წელს გამოქვეყნებული „საგალობლების“ მეორე გამოცემის აუცილებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თხზულებისადმი საერთაშორისო მასშტაბით ინტერესის ზრდის ფონზე.
კონსერვატორიისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი საგამომცემლო პროექტი გაზრდის ნაწარმოებზე ხელმისაწვდომობას სხვადასხვა საგუნდო კოლექტივისა და მგალობელთა ანსამბლებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.