29 ოქტომბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზის ფოიეში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, კავკასიის უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს სეუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ მემორანდუმის ფარგლებში მოხდება, მოიცავს კონსერვატორიაში არსებული უნიკალური აუდიო და ვიდეოარქივის მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანას, დამუშავებას და გამოცემას. მასალებში არსებული ჩანაწერები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში (60-80 იან წლებში) ქართველი ეთნომუსიკოლოგებისა და მკვლევარების – გრიგოლ ჩხიკვაძის, კუკური ჭოხონელიძის, მინდია ჟორდანიას, ედიშერ გარაყანიძის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია შეგროვებული. აგრეთვე, ამ ჩამონათვალში შედის ვალერიან მაღრაძის მიერ, ამავე პერიოდში შეკრებილი მესხური ტრადიციული მუსიკის საექსპედიციო ჩანაწერებიც, რაც მესხური ფოლკლორის ამსახველ ერთადერთ სრულყოფილ წყაროს წარმოადგენს. ზოგადად კი ეს ჩანაწერები ფასდაუდებელი განძია ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორიის შესწავლისა და კვლევისთვის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს რექტორმა გია კავთელიშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. უახლოეს მომავალში კონსერვატორია პროექტის სრული ფინანსური უზრუვნელყოფის მიზნით ამერიკის ელჩის კულტურული მემკვირდრეობის პროგრამაში განაცხადის გაკეთებას გეგმავს. სწორედ ამერიკის ელჩთან უმაღლესი სასწავლრბლების ხელმძღვანელების შეხვედრისას კონსერვატორიის რეტორმა პირველად გააჟღერა პროექტის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ხოლო მოგვიანებით იდეა გაუზიარეს თსუ-ს და სეუ-ს რექტორებს, რომელთაც დიდი ენთუზიაზმით თანხმობა განაცხადეს მემორანდუმის ხელმოწერაზე. მემორანდუმის ფარგლებში საფუძველი ეყრება ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომელიც ემსახურება მომავალი თაობისთვის უნიკალური არქივის შემონახვას. აღნიშნული მოვლენა კარგი პრეცედენტია საერთო ეროვნული ფასეულობების გარშემო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაერთიანებისა, პროფილის მიუხედავად.