დადგენილება № 22/2022 – “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის, შიდა მობილობის/რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტთა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნოემბრის № 124/2021 დადგენილებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის შესახებ
დადგენილება: № 22/2022
თარიღი: 06 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის № 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 06 ივნისის № 10 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 10),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.შევიდეს ცვლილება “სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის, შიდა მობილობის/რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტთა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ნოემბრის № 124/2021 დადგენილებით დამტკიცებულ წესში და დაემატოს „მე-10 მუხლი – გარდამავალი დებულებები“ შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით სტუდენტს, კონსერვატორიასა და მასპინძელ ინსტიტუციას შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 2021 წლის 12 ნოემბრამდე (წინამდებარე წესის ამოქმედებამდე) წარმოადგენს კრედიტების აღიარების სამართლებრივ საფუძველს (იხ. წესის კოდიფიცირებული ვერსია);
2.დადგენილება გადაეგზავნოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს;
3.დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
4.წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე