2021 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ცნობილი ქართველი მეცნიერის, პროფესორ მანანა ანდრიაძის დაბადებიდან 70 წელს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა მეცნიერის ფუნდამენტური ნაშრომი – „საგალობელთა ჟანრები და ნევმირების ტრადიცია XIX საუკუნის ქართული ხელნაწერების მიხედვით“.
წიგნი წარმოადგენს ავტორის სადოქტორო დისერტაციის მონოგრაფიულ გამოცემას. ნაშრომი ქართული საეკლესიო გალობის ისტორიისა და თეორიის სფეროში საეტაპო მნიშვნელობისაა. მასში შეჯამებულია მეცნიერის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომელიც სამი მაგისტრალური ხაზით ვითარდებოდა: სამუსიკო დამწერლობა, საგალობელთა ჟანრული სისტემა და სამუსიკო ტერმინოლოგია.
გასული საუკუნის 90-იან წლებში შესრულებულ ნაშრომს, ხანდაზმულობის მიუხედავად, დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. მასში წარმოდგენილი დებულებები და დასკვნები მეცნიერ-მკვლევართა, სტუდენტთა და გალობის ტრადიციის შესწავლის მსურველთა ცოცხალ ინტერესს კვლავ ინარჩუნებს. წიგნი გამოსაცემად მომზადდა კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულებაზე.
სარედაქციო ჯგუფია: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ ჩხეიძე (მთავარი რედაქტორი); ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ეკატერინე ონიანი და ეკატერინე ყაზარაშვილი. კომპიუტერილი დიზაინი ეკუთვნის მარიამ პოლტახიენტის.
ამ გამოცემით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საეკლესიო მუსიკის მიმართულება პატივს მიაგებს მეცნიერისა და პედაგოგის, მოღვაწის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ნათელს ხსოვნას და დიდ დამსახურებას ქართული მუსიკოლოგიის განვითარების საქმეში.