5 – დან 16 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პიანისტთა მერვე საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს. რომელიც 5 ოქტომბერს 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნება.
კონკურსი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება “საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის” ორგანიზებით. მისი მთავარი მხარდამჭერები არიან ფონდის თანადამფუძნებლები: საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქ. თბილისის მერია.
კონკურსი 2002 წლიდან ჟენევის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის, ხოლო 2007 წლიდან მარტა არგერიხისა და გუსტავ ალინკის ფონდის წევრია.
პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი დაარსდა 1997 წელს ქართველი პიანისტის, კონსერვატორიის პროფესორის და 2000-2011 წლებში მისი რექტორის, მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიის მფლობელის მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და თავისი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა მის განვითარებას. კონკურსის მერვე გამოშვება სწორეს მის ხსოვნას ეძღვნება.
კონკურსში მონაწილეობენ ახალგაზრდა პიანისტები, რომლებიც წინასწარმა ჟიურიმ მრავალრიცხოვან და განსაკუთრებით ძლიერ აპლიკანტთა შორის შეარჩია. კონკურსის ფარგლებში თბილისი უმასპინძლებს 24 პიანისტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; მათ შორის: საქართველო, იტალია, გერმანია, უკრაინა, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, აშშ, ავსტრალია/ინდონეზია.
ჟიურის შემადგენლობაში არიან მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური სასწავლებლების პროფესორები და საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსები იოჰევედ კაპლინსკი, თავმჯდომარე (ისრაელი/აშშ), მიშელ ბეროფი (საფრანგეთი), პეტრას გენიუშასი (ლიეტუვა), ალესანდრო დელჯავანი (იტალია), მომო კოდამა (იაპონია), ჯეინ კუპი (კანადა), ნიკოლოზ ნამორაძე (საქართველო-უნგრეთი), ჰაესუნ პაიკი (სამხრეთ კორეა), კატარჟინა პოპოვა-ციდრონი (პოლონეთი), ჯონ რინკი (დიდი ბრიტანეთი) და სტანისლავ ხრისტენკო (უკრაინა/აშშ).
პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი ტარდება ოთხ ტურად. ტრადიციულად, მეორე ტურში, სრულდება კონკურსის სავალდებულო ნაწარმოები. წელს ყველა მონაწილე შეასრულებს კომპოზიტორ ნიკოლოზ ნამორაძის Wasserspiel (“წყლის მუსიკა“).
მეოთხე ტურში ფინალისტები შეასრულებენს საფორტეპიანო კონცერტებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, პოლონეთიდან მოწვეული დირიჟორის პაველ პრჟიტოცკის ხელმძღვანელობით. კონკურსზე, მთავარი საპრემიო ფონდის გარდა, გაიცემა სპეციალური ფულადი პრემიები და პრიზები.
დეტალური განრიგი და მონაწილეთა ჩამონათვალი, ასევე დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ვებ საიტზე:
https://tbilisipiano.org.ge/ge/competitions/details?n=1&i=29