დღეს, 7 მარტს, სახელოვანი ქართველი ტენორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო, ზურაბ ანჯაფარიძის და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ასევე მრავალი სხვა წოდების, პრემიისა და ჯილდოს მფლობელი, კონსერვატორიის პროფესორი, ყველასათვის საყვარელი ადამიანი ბატონი თეიმურაზ გუგუშვილი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს
კონსერვატორიის სახელით ვულოცავთ ბატონ თემურს ამ ღირშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს შემოქმედებით და პედაგოგიურ საქმიანობაში. ვიმედოვნებთ, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ არაერთხელ ვიხილავთ მას სხვადასხვა საოპერო წარმოდგენასა და კონცერტში.
თეიმურაზ გუგუშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი 1976 წელს დაამთავრა; ორი წლის შემდეგ კი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი გახდა. 1980-83 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურაში სწავლის პარალელურად 1982-83 წლებში მილანის „ლა სკალაში“ ასპირანტურა-სტაჟირებას გადიოდა. კონსერვატორიაში მისი ხელმძღვანელი ბატონი ნოდარ ანდღულაძე გახლდათ. მისი 42 წლიანი აქტიური სასცენო მოღვაწეობა, რომელიც ახლაც გრძელდება, ფაქტობრივად მსოფლიო და ქართული საოპერო რეპერტუარის ტენორის ყველა წამყვან პარტიას მოიცავს.
ფასდაუდებელია ბატონი თემურის წვლილი ქართული კლასიკური ვოკალური მუსიკის პოპულარიზაციაში. იგი ქართველ კომპოზიტორთა მრავალი ახლადშექმნილი ნაწარმოების პირველ შემსრულებლად გვევლინება. იგი სხვადასხვა დროს საგასტროლო მოღვაწეობას ეწეოდა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, ავსტრალიისა და აზიის ქვეყნების უდიდეს საოპერო და საკონცერტო სცენებზე. 2003-2005 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. ასევე, 2007 წლიდან დღემდე ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ ვოკალურ განყოფილებას უძღვება.
ბატონი თემური კონსერვატორიის პროფესორი და სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების ხელმძღვანელია. იგი მრავალი სახელგანთქმული მომღერლის აღმზრდელია, რომელთა უმრავლესობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობს.