2021 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია აღნიშნავს ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწის, მუსიკისმცოდნის, მუსიკის თეორიის მიმართულების ფუძემდებლის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, პროფესორ შალვა ასლანიშვილის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი – „შალვა ასლანიშვილი – 125 საიუბილეო კრებული“.
გამოცემაში შევიდა შ. ასლანიშვილის რჩეული სამეცნიერო ნაშრომები და სხვადასხვა მეცნიერთა რეცენზიები, სადაც გაშუქებულია ქართველი მკვლევრის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები – პროფესიული და ქართული ტრადიციული მუსიკის ფორმის, ჰარმონიისა და პოლიფონიის საკითხები. კრებული განკუთვნილია პროფესიონალი მუსიკოსების ფართო წრისთვის _ მუსიკოლოგებისა და შემსრულებლების, მუსიკალურ-საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის.
წიგნი გამოსაცემად მომზადდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულებაზე. მასზე მუშაობდნენ შემდგენლები და რედაქტორები: პროფ. ლეილა მარუაშვილი (პასუხისმგებელი რედაქტორი), პროფ. ქეთევან ბოლაშვილი, ასოც. პროფ. თამარ ჩხეიძე, მუსიკოლოგი ლატავრა პატარიძე; გამოცემაში შესული ცალკეული სტატიები თარგმნეს ასოც. პროფ. მარიკა ნადარეიშვილმა, ასოც. პროფ. მაია ტაბლიაშვილმა, მუსიკოლოგმა ლეილა შარაშიძემ; გამოცემის ლიტერატურული რედაქტორია: პროფ. მანანა ტაბიძე, კომპიუტერული დიზაინი ეკუთვნის მარიამ პოლტახიენტის, სანოტო გრაფიკაზე იმუშავა ირაკლი არეშიძემ.
ამ გამოცემით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულება პატივს მიაგებს გამოჩენილი მოღვაწისა და მეცნიერის, პედაგოგის, პროფესორ შალვა ასლანიშვილის ნათელ ხსოვნას და ფასდაუდებელ დამსახურებას ქართული მუსიკოლოგიის განვითარების საქმეში.