მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVI საერთაშორისო ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVI საერთაშორისო ფესტივალის “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” ფარგლებში, კონსერვატორიის დიდი დარბაზში 12-25 დეკემბერს გაიმართება ჟანრობრივად მრავალფეროვანი ექვსი საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი მუსიკოსები.
ფესტივალის მსვლელობის მანძილზე დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ფერმწერ ნინა ჩაჩუას ნამუშევრები. საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ დაფუძნდა 1998 წელს, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციისა და ცნობილი ქართველი პიანისტის, საზოგადო მოღვაწის, კონსერვატორიის პროფესორის მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტს ითვლის და ყოველწლიურად, დეკემბრის მეორე ნახევარში კონსერვატორიის დიდ დარბაზში იმართება, არ მიეკუთვნება თემატური ფესტივალების რიგს; ამდენად, მის ფარგლებში თავისთვის საინტერესოს ყოველთვის პოულობს ფოლკლორული, კამერული, საორგანო, საფორტეპიანო, ვოკალური, სიმფონიური მუსიკისა თუ ჯაზის მოყვარული სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მსმენელი. წლების მანძილზე ფესტივალმა მრავალ მსოფლიო ვარსკვლავს, საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ქართველ თუ უცხოელ მუსიკოს-შემსრულებელს უმასპინძლა, რამაც, უდავოდ განაპირობა ფესტივალის ფართო აღიარება და მაღალი რეპუტაცია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მუსიკალურ-კულტურულ სივრცეში.
ფესტივალი, მიმდინარე წელს ოცდამეექვსედ გაიმართება და პირველად ჩატარდება მისი სულისჩამდგმელის, – დამაარსებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის მანანა დოიჯაშვილის (1998-2022) – სახელით, შესაბამისად მის გარეშე.
2023 წლის ფესტივალის დასკვნითი კონცერტი სწორედ ქალბატონ მანანა დოიჯაშვილის ხსოვნას ეძღვნება.
ზოგადი პროგრამა:
12.12.23, 19:00 BRAVO MAESTRO! ნოდარ გაბუნია 90 – ფესტივალის პირველი კონცერტი ეძღვნება სახელგანთქმული ქართველი პიანისტის, კომპოზიტორის, პედაგოგის ნოდარ გაბუნიას 90 წლის იუბილეს. შესრულდება ნოდარ გაბუნიას ნაწარმოებები:- სონატა საყვირის, დასარტყამი საკრავებისა და ფორტეპიანოსათვის;- საფორტეპიანო ტრიო;- პიესები ციკლებიდან “საბავშვო პიესები დიდებისათვის” და ,,მოწაფის დღიურიდან”; აგრეთვე, გაჟღერდება ნოდარ გაბუნიას “იგავი”- ს 1975 წლის საფონდო ჩანაწერი. ნოდარ გაბუნიამ, 1964 წელს, სულხან-საბა ორბელიანის სოფლის მაშენებელნის მიხედვით დაწერა “იგავი” – სამი მომღერლის, ინსტრუმენტული სეპტეტისა და მთხრობელისათვის. სოფლის შენებას, კომპოზიტორი, კომუნიზმის მშენებლობის ალეგორიად აღიქვამდა. “იგავი”, რომელიც თანამედროვე მუსიკის შედევრადაა აღიარებული, 1973 წელს იუნესკოს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გრან-პრით დაჯილდოვდა. მონაწილეობენ: ნატალია გაბუნია, ვიოლინო; ნინო გვეტაძე, ფორტეპიანო; სერგეი ნაკარიაკოვი, საყვირი; ქეთევან როინიშვილი, ჩელო; გალდრიკ სუბირანა, დასარტყამი საკრავები ვალერიან შიუკაშვილი, ფორტეპიანო; ნატა წვერელი, ფორტეპიანო; ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრი “ბუდრუგანა-გაგრა”.
15.12.23, 20:00 ჯაზის საღამო – შაი მაესტროს ტრიო. შაი მაესტრო, ფორტეპიანო; ორენ ჰარდი, ბასი; ოფრი ნეემია, დასარტყამი.
17.12.23, 19:00 საორგანო მუსიკის საღამო – ალექსანდერ გორინი, ორგანი
20.12.23, 19:00 ვოკალური მუსიკის საღამო – რობერტო სკანდიუცი, ბანი და ნინო ფავლენიშვილი, ფორტეპიანო.
22.12.23, 19:00 კამერული მუსიკის საღამო – დინა იოფე, ფორტეპიანო და მიხაელ ვაიმანი, ვიოლინო.
25.12.23, 19:00 საფორტეპიანო დუეტების საღამო „მანანას!“
ეთერი ანჯაფარიძე თამარ ბერაია, ნათია ბერაია, დავით ალადაშვილი, ნატა მეცხოვრიშვილი, გიორგი მიქაძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”.
ფესტივალის მთავარი მხარდამჭერები:
– საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინიტრო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
ფესტივალის პარტნიორი:
– იტალიის საელჩო საქართველოში.
მედია მხარდაჭერა:
– საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
– AMBEBI.GE ,PALITRA NEWS;
ფესტივალის მასპინძელი: Shota Rustaveli Boutique Hotel
იხ. ფესტივალის ბუკლეტი სრულად – ფესტივალის ბუკლეტი 2023