ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთმიმართებათა მრავალფეროვნება მუსიკაში
თბილისის მეექვსე საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია
23-25 მაისი, 2025
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისი, საქართველო
ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობის კონცეფციები და მოდელები თავს იჩენს და ფართოდ განიხილება არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სოციალურ მეცნიერებებში, არამედ სხვა ფუნდამენტურ დისციპლინებში, მოიცავს კვლევის სფეროების ფართო დიაპაზონს, მათ შორის ხელოვნებათმცოდნეობას, კულტუროლოგიას და სხვ. ამავე პრობლემატიკის ფარგლებში შეიძლება განიხილებოდეს დეცენტრალიზაცია, პერიფერიის უკუქმედება ან წინააღმდეგობა, ახალი ცენტრების ჩამოყალიბება.
ზემოაღნიშნული პრობლემის შესახებ მუსიკოლოგიური კვლევები გასული საუკუნის ბოლოდან გააქტიურდა, თუმცა, თავად ცენტრალურისა და პერიფერიულის ურთიერთმიმართების საკითხი მუსიკაში მრავალი ასწლეულია არსებობს. იგი მიემართება არა მხოლოდ დიდმასშტაბიან ისტორიულ პროცესებს და მუსიკაზე მათ ზეგავლენებს, არამედ ვლინდება მუსიკის, როგორც ფენომენის ფუნქციონირების თითქმის ყველა ასპექტში როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე.
მთელი რიგი ისტორიული და თანამედროვე გარემოებების გათვალისწინებით, საკითხი განსაკუთრებით საინტერესოდ დგას ქართული მუსიკის კვლევაში. ქართული ტრადიციული მუსიკაც და პროფესიული შემოქმედებაც, ერთად და ცალ-ცალკე, ამ თემის მრავალმხრივი გაშლის ამოუწურავ შესაძლებლობას იძლევა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია იწვევს ყველა მიმართულების მუსიკოლოგებს, შემსრულებლებს, კომპოზიტორებს, მკვლევრებს მომიჯნავე დისციპლინებიდან კონფერენციაში „ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთმიმართებათა მრავალფეროვნება მუსიკაში“ – მონაწილეობის მისაღებად. განსახილველი თემატიკა მოიაზრებს (მაგრამ არ იზღუდება) შემდეგი საკითხებით:
- ცენტრისა და პერიფერიის ურთიერმიმართების გამოვლენის, მოდელებისა და მათი შესაძლო გარდასახვის ნაირსახეობები:
– ტოტალიტარული და პოსტტოტალიტარული სივრცეების მუსიკაში;
– ქართულ ტრადიციულ, აკადემიურ და პოპულარულ მუსიკაში თანამედროვე ექსპერიმენტულ მუსიკაში
– 19-21-ე საუკუნეების მუსიკოლოგიურ ნარატივებში და თეორიულ სკოლებში;
– შემსრულებლობასა და ინტერპრეტაციაში;
– მუსიკალურ ენაში, სისტემებში, ფორმის, ჟანრისა, და სტილის საკითხებში,
- მუსიკა, როგორც ინტერპრეტაციის სივრცე წარსულისა და თანამედროვეობის წამყვანი ესთეტიკურ-ფილოსოფიური, პოლიტიკური და სოციალური იდეებისათვის.
კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კონფერენცია წარიმართება ფიზიკურ რეჟიმში. ონლაინ მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის თემატური სესიების მონაწილეებისთვის.
მთავარი მომხსენებლები:
გამოცხადდება მოგვიანებით
ინდივიდუალური მოხსენებისთვის წარდგენისთვის განკუთვნილია ოცი წუთი, დისკუსიისთვის ათი წუთი. აბსტრაქტების წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 28 თებერვალი. ამისათვის, მონაწილეობის კანდიდატებმა ქართულად და ინგლისურად უნდა შეავსონ და გამოგზავნონ Google form-ის შემდეგი მონაცემებით:
– საკონტაქტო დეტალები, სახელი, გვარი;
– ინსტიტუციური აფილირება (არსებობის შემთხვევაში);
– მოკლე ბიოგრაფია(არაუმეტეს 150 სიტყვისა, აკადემიური ხარისხისა და თანამდებობის აღნიშვნით);
– მოხსენების სათაური და აბსტრაქტი (150–250 სიტყვა);
– პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.
ორგანიზატორები მიესალმებიან 90-წუთიანი თემატური სესიების შემოთავაზებასაც. სესია უნდა მოიცავდეს სამ მოხსენებას.
ამგვარი სესიისთვის აბსტრაქტები წარმოდგენილი უნდა იქნას ერთ-ერთი მონაწილის აპლიკაციაში, „სათაურისა და აბსტრაქტის“ ველში. დამატებით, ამავე ფორმაში წარმოდგენილი უნდა იყოს სესიის საერთო სათაური და საერთო თემატური ფოკუსის აღწერა (არაუმეტეს 100 სიტყვისა). ამასთანავე, იგივე მონაწილე ავსებს და გზავნის დანარჩენი ორის აპლიკაციებსაც მათი ბიოგრაფიითა და ინდივიდუალური მოხსენებით. შეზღუდული რაოდენობის თემატური სესიები შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ონლაინ.
გთხოვთ, იხილეთ სააპლიკაციო ფორმა აქ.
აბსტრაქტები ექვემდებარება სამეცნიერო კომიტეტის მიერ განხილვას. განხილვისას აბსტრაქტები კომისიას წარედგინება ავტორების ვინაობის მითითების გარეშე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველა წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, მიჰყვეთ განრიგს:
– 28 თებერვალი, 2025: აპლიკაციების წარმოდგენა;
– 15 მარტი, 2025: შერჩეული მონაწილეების ინფორმირება.
– რეგისტრაციის თარიღი გამოცხადდება მოგვიანებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვმართეთ:
science@tsc.edu.ge
თსკ კვლევის კოორდინაციის დეპარტამენტი