აუდიო ბიბლიოთეკა ანუ ე.წ. ფონოტეკის კაბინეტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებისთანავე, 1917 წელს გაიხსნა. წლების მანძილზე მუსიკალური ჩანაწერები მხოლოდ მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ინახებოდა, 90-იანი წლების ბოლოდან კი დაიწყო ძველი ფირსაკრავებიდან მთელი ხმოვანი მასალის გადატანა კომპაქტ-დისკებზე.
2002 წელს ფონოტეკის ძირეული რეორგანიზაცია მოხდა. შეიცვალა მისი ტერიტორიული განთავსების პირობები, ტექნიკური აღჭურვილობა.
2016-2017 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რომელიც ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ხელშეწყობით განხორციელდა, ფონოტეკა შეუერთდა კონსერვატორიის ბიბლიოთეკას. აუდიო მასალები და მომსახურების სერვისი მოექცა ბიბლიოთეკის ერთიან სივრცეში. აუდიო ბიბლიოთეკა აღჭურვილია კომპიუტერებით, აუდიო და ვიდეო აპარატურით, CD/DVD პლეერებით, პროფესიონალი ყურსასმენებით.
აუდიო ბიბლიოთეკის საცავში უკვე 3000-მდე კომპაქტ-დისკი არსებობს. აქედან 300-მდე დისკზე ქართული პროფესიული და ხალხური მუსიკის ნიმუშებია ჩაწერილი, ხოლო დანარჩენი 2500-მდე დისკი კი დასავლეთ ევროპის, ამერიკის, რუსული, აღმოსავლური და მრავალი სხვა მუსიკალური კულტურის ნიმუშებს წარმოადგენს. ჩანაწერები სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქის ნაწარმოებებს მოიცავს: შუასაუკუნეების მუსიკალური კულტურის ნიმუშებით დაწყებული XX-XXI საუკუნეების უახლესი მუსიკალური ნაწარმოებებით დამთავრებული.
აუდიო მასალის ფონდის შევსებაში დიდი წვლილი მიუძღვით კონსერვატორიის მეგობრებს – ქალბატონ ელისაბედ გასტს, ბატონ მარკ მალკოვიჩ III-ეს, ი.ბარდანაშვილს, გია ყანჩელს, კონსერვატორიის მეგობარ უცხოურ უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებს, გასტროლებსა და მასტერკლასებზე ჩამოსულ მუსიკოს-შემსრულებლებს. აუდიო ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე