თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთობლივად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა მიუძღვნა დიდი ქართველი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს. გამოვიდა ზაქარია ფალიაშვილის „ქართული საგალობლების“ მეორე გამოცემა.
საუკუნეზე მეტი გვაშორებს კომპოზიტორის მიერ გადამუშავებული იოანე ოქროპირის წირვის წესის საგალობლების პირველ პუბლიკაციას. ფალიაშვილისეულ ვერსიაში სამხმიანი ქართული გალობა ქალთა და ვაჟთა გუნდისთვისაა დამუშავებული. ამასთან, თავად კომპოზიტორი მიუთითებდა საგალობელთა სამხმიანობაში დაბრუნების შესაძლებლობაზე, რაც ახალ საგამომცემლო პროექტში განხორციელდა კიდეც.
„ქართული საგალობლების“ მეორე გაფართოებულ გამოცემაში შესულია საგალობლების დიდი შერეული გუნდისთვის განკუთვნილი ავტორისეული ვერსია და მათი გასამხმიანებული ვარიანტი. ნოტებს წინ უძღვის ფალიაშვილის წინასიტყვაობა პირველი გამოცემიდან და ახალი კვლევითი შინაარსის წერილები ქართულ და ინგლისურ ენებზე. დანართში წარმოდგენილია საგალობელთა ტექსტების ინგლისური თარგმანი. გამოცემას თან ახლავს აუდიო დისკი შერჩეული საგალობლების ჩანაწერებით კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდის, ანსამბლი ანჩისხატისა და ქაშვეთის ტაძრის მგალობელთა გუნდის შესრულებით.
გამოცემის სარედაქციო კოლეგიაა: ნანა შარიქაძე, გიორგი კეკელიძე, დავით შუღლიაშვილი (მუსიკალური რედაქტორი), მარინა ქავთარაძე (რედაქტორი), რუსუდან წურწუმია (წინასიტყვაობის ავტორი), ქეთევან ბაქრაძე (პროექტის კოორდინატორი); ლიტ. რედაქტორია მანანა ტაბიძე, მთარგმნელია ერიკ ჰალვორსონი, სანოტო ტექსტის ციფრული ვერსია დაამზადეს გიორგი ბაგრატიონმა და ლევან ვეშაპიძემ, გამოცემისა და დისკის დიზაინი ეკუთვნის მაკა ცომაიას, ხმის რეჟისორები არიან პავლე კვაჭაძე და გვაჯი (გიორგი გვარჯალაძე). საგალობელთა სამხმიანი ვარიანტები ჩაწერილია „ლენო რეკორდსში“.
ახალი გამოცემის წარდგენა შედგა 23 დეკემბერს, კონსერვატორის დიდ დარბაზში, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე.