თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2026 წლის 23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.
უკვე 24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პირველი სიმპოზიუმი ჩატარდა და 80-იანი წლებიდან დაწყებულმა საერთაშორისო კონფერენციებმა 2002 წლიდან „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის” სახელწოდებით გააგრძელეს არსებობა. იუნესკოს მიერ 2001 წ. ქართული პოლიფონიის „კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად” აღიარების შემდეგ, პირველმა თბილისურმა სიმპოზიუმმა დიდი ინტერესი გამოიწვია ეთნომუსიკალურ წრეებში და მას შემდეგ მან მრავალხმიანობის მკვლევარ მსოფლიოში სახელგანთქმულ მრავალ მეცნიერს უმასპინძლა. თბილისის სიმპოზიუმები წარმოაჩენენ მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობენ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციას დასავლურ მეცნიერებასთან. სიმპოზიუმებმა ქართული პოლიფონიისადმი ინტერესი გააღვივეს უცხოელ მკვლევრებში, რომლებიც ერთხმად აღიარებენ მის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში.
მეცამეტე სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 17 ქვეყნის 35 მეცნიერი, მათ შორის, 25 – უცხოეთიდან. სიმპოზიუმი საზეიმოდ გახსნება ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული ანსამბლების კონცერტით. ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდება უცხოური ანსამბლების კონცერტი, სიმპოზიუმი კი საზეიმოდ დაიხურება ქართული და მსოფლიო მრავალხმიანობის კონცერტით. წლევანდელი სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენებაც: ნაჩვენები იქნება დენ შათის (დიდი ბრიტანეთი / გერმანია) ფილმი „გამოჩნდა თეთრი ჯიხვი“, აგრეთვე იან ჰაიცფლაცისა (დიდი ბრიტანეთი) და სანდრო შარის (დიდი ბრიტანეთი / საქართველო) ფილმი „ერთი დღე გურიაში“. 23 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 19:30 საათზე სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება გალა კონცერტით, სადაც ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. 24 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში, 15:00 საათზე გაიმართება უცხოური ანსამბლების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები დიდი ბრიტანეთიდან, შოტლანდიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და უნგრეთიდან. სიმპოზიუმი საზეიმოდ დაიხურება 25 სექტემბერს ქართული და მსოფლიო მრავალხმიანობის კონცერტით, სადაც, ტრადიციულ ნიმუშებთან ერთად, საავტორო კომპოზიციებიც შესრულდება.
იხილეთ სიმპოზიუმის პროგრამა